დაავადებები

ჩვენს დღევანდელობაში ძლიერი და სქელი თმა ასოცირდება ახალგაზრდობასთან, სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან.

ადამიანს ყოველდღიურად 30–დან 100 ღერამდე თმა სცვივა, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა.  თუ დაცვენილი ღერების რაოდენობა აღემატება 100–ს, მაშინ უკვე ეჭვი ჩნდება ალოპეციაზე. ალოპეცია არის თმის ნაწილობრივი ან სრული ცვენა უმეტესად თავის მიდამოში, იშვიათად სხეულის სხვა ადგილებში.

მიუხედავად იმისა, რომ ალოპეციის არც ერთი სახეობა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თმის დაკარგვა ან შიში მისი დაკარგვის პაციენტებში იწვევს ფსიქოლოგიური პრობლემებს, დეპრესიებს და რიგ შემთხვევებში მათ სოციალურ იზოლაციას განაპირობებს.

მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის თმიანი საფარველის მდგომარეობას და თავის თმიანი არის დაავადებებს ტრიქოლოგია ეწოდება. ის შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა. ტრიქოლოგია, როგორც მედიცინის დარგი 1902 წელს ჩამოყლიბდა ლონდონში. 1989 წელს შეიქმნა ევროპის ტრიქოლოგთა ასოციაცია. 2013 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება.

21–ე საუკუნში თმის ცვენის პრობლემებმა მოიმატა. ამის მიზეზად სახელდება:  დაბინძურებული გარემო, არასწორი ცხოვრების რეჟიმი,  არასრულფასოვანი კვება,  ენდოკრინული პათოლოგიების მატება, სტრესული სიტუაციების ზრდა და სხვა.

არსებობს თმის ცვენის უამრავალი ფორმა, ისევე როგორც, არსებობს მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი.

ალოპეცია შეიძლება იყოს ცალკე დაავადება და ეს დაავადებები იყოფა ორ ჯგუფად: არანაწიბუროვანი (ანდროგენული, ბუდობრივი, დიფუზური) და ნაწიბუროვანი (პირველადი, მეორადი) ალოპეციები. ამასთანავე, თმის ცვენა შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების გამოვლინება ან სინდრომი.

თმის ცვენის ერთ-ერთი ძალიან ხშირი მიზეზია  სებორეული დერმატიტი, რომელიც ხალხში ქერტლის სახელით არის ცნობილი და ის შედეგია ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბი სეკრეციისა. ამასთანავე,  ძალიან დიდ ზიანს ადამიანები თვითონ აყენებენ  თმებს  მუდმივი გასწორებით და არასწორი ვარცხნილობებით. ამ ფორმის თმის ცვენას ტრაქციული ალოპეცია ეწოდება და ის ხშირია  მოცეკვავეებში და ტანმოვარჯიშეებში. ასევე ხშირია ტრიქოტილომანია, რაც არის ფსიქიატრიული კომპულსური აშლილობა, რომელიც თმის განმეორებად მოგლეჯას გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თმის ყოველ ღერს თავისი საკუთარი სასიცოცხლო ციკლი აქვს, რომელიც სამ ფაზას მოიცავს. ესენია: ანაგენი, კატაგენი, ტელოგენი. ნორმაში, ანაგენის ანუ აქტიური ზრდის ფაზაში ღერების 85% იმყოფება, კატაგენში ანუ მოსვენების ფაზაში – 1%, ხოლო ტელოგენში ანუ ცვენის ფაზაში – 14%. ფეხმძიმობის პერიოდში ეგრეთ წოდებული „დამატებითი ჰორმონები“, რომელიც წარმოიქმნება ფეხმძიმეს ორგანიზმში მოქმედებენ თმის განვითარების  ციკლზე. ორსულობის პერიოდში ზრდის ფაზაში უფრო მეტი რაოდენობის თმა იმყოფება, რის შედეგადაც თმიანი საფარი  შესამჩნევად უფრო სქელი და ლამაზია. არსებობს კვლევები, სადაც თმის ღერის სისქე შეადარეს ორსულობამდე და მას მერე და აღმოჩნდა, რომ თმის ცვენის შეჩერებასთან ერთად  იზრდება თვითონ თმის ღერის სისქეც. არის შემთხვევები, როდესაც ფეხმძიმობის შემდგომ მანამდე სწორი თმა ხდება ხვეული.  ამ მხრივ არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული.

საკამათოა, შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ფეხმძიმობის პერიოდში. ზოგიერთი მეცნიერი  ამტკიცებს, რომ  სკალპიდან ნაყოფისათვის საზიანო რაოდენობის ნივთიერებბის შეწოვა არ ხდება, ზოგიერთი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სასურველია, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში ქალბატონებმა თავი შეიკავონ თმის შეღებვისგან. რაც შეეხება კერატინით თმის გასწორებას, აქ ყველა შეთანხმებულად კრძალავს ამ პროცესს, ვინაიდან მასში შემავალი ფორმალდეჰიდი ნამდვილად ძალიან ტოქსიკურია.

მშობიარობიდან 3-4 თვეში იწყება თმის ინტენსიური ცვენა. ამის მიზეზია ესტროგენების დონის კლება ქალის ორგანიზმში, რაც ასევე აისახება თმის ღერის განვითარების ციკლზე, ზრდის ფაზიდან თმების დიდი ნაწილი გადადის ცვენის ფაზაში და იწყება ინტენსიური ცვენა. ნორმაში 4 -5 თვეში ცვენა უნდა შეჩერდეს და აღდგეს ნორმალური თმიანი საფარი მაქსიმუმ ბავშვის პირველ დაბადების დღეს.  თუ ეს არ მოხდა,  მაშინ აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს, რადგან შესაძლებელია ამ პროცესში  სხვა მიზეზები იყოს ჩართული.

 

Facebook