პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციების მქონე ავადმყოფების დაახლოებით 10,7-11,2%-ს აღენიშნება დეკალვირებადი ფოლიკულიტი, რომელიც მიეკუთვნება ნეიტროფილურ ნაწიბუროვან ალოპეციებს. დაავადება უპირატესად გვხვდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მქონე პირებში, უმეტესად მამაკაცებში. დეკალვირებადი ფოლიკულიტის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა განიხილება ოქროსფერი სტაფილოკოკის როლი დაავადების მანიფესტაციაში.
პათოლოგიური პროცესი ძირითადად გვხვდება თხემის ზედა ნაწილში, თუმცა მისი აღმოჩენა შესაძლებელია ასევე თავის თმიანი არის სხვა უბნებში, წვერის, ბოქვენის, იღლიისა და ბარძაყის შიდა ზედაპირებზე.
კლინიკურად გამოხატულია ჰიპერემიული უბნები, ფოლიკულური პუსტულები და/ან პაპულები და ფოლიკულური ჰიპერკერატოზი. ფოლიკულების ჩირქოვანი და დესტრუქციული პროცესის შედეგად ყალიბდება ალოპეციური უბნები, რომლებიც სპილოსძვლისფერი შეფერილობისაა.
დეკალვირებად ფოლიკულიტს ახასიათებს პოლიტრიქია, რაც გულისხმობს ერთი ფოლიკულური ხვრელიდან ამომავალ მრავლობით თმის ღერებს (5-დან 15-მდე). პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილის, ქავილის და/ან წვის შეგრძნებას. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი გატარდეს როგორც სხვა ბაქტერიულ ფოლიკულიტებთან, ასევე ვირუსულ და სოკოვან იფექციებთან, ცენტრალურ ცენტრიდანულ ნაწიბუროვან ალოპეციასთან და ნეკროზულ აკნესთან. ჰისტომორფოლოგიური კვლევით ახლადწარმოქმნილი კერების ბიოპტატში ვნახულობთ ფოლიკულურ ხვრელში კერატინის გროვებს მრავალრიცხვოვანი ნეიტროფილებით და ასევე ინტრაფოლიკულურ და პერიფოლიკულურ ნეიტროფილურ ინფილტრატს. ცხიმოვანი ჯირკვლების დესტრუქცია მიმდინარეობს დაავადების ადრეულ სტადიაზევე.
შემდგომ პერიოდში, ხანგრძლივი პროცესის შედეგად ინფილტრატმა შესაძლებელია ჩააღწიოს დერმაში და მის შემადგენლობაში შესაძლებელია ინახოს ნეიტროფილები, ლიმფოციტები და პლაზმოციტები. ხშირად პოულობენ თმის ღერის გრანულომებს უცხო წარმოშობის გიგანტურ უჯრედებთან ერთად. ბოლო სტადიებზე გამოხატულია ფიბროზი და ჰიპერტროფული ნაწიბურები.