ფსორიაზი ქრონიკული, მორეციდივე, ანთებითი ხასიათის მქონე აუტოიმუნური დერმატოზია. დაავადებას ახასიათებს მაღალი პრევალენტობა. დღეისათვის მსოფლიოში ფსორიაზით დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია დაავადებული.
ფსორიაზს ახასიათებს კანზე მოვარდისფრო, მოწითალო შეფერილობის პაპულების და ბალთების არსებობა, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ქერცლით. გამონაყარი შესაძლებელია იყოს ლოკალური ან ფართოდ გავრცელებული და თან ახლდეს ქავილის და ტკივილის შეგრძნება. ფსორიაზით დაავადებულებში მაღალია რისკი ართრიტის, კარდიომეტაბოლური დაავადებების და ფსიქიკური დარღვევების განვითარების.
ფსორიაზი შესაძლებელია გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირია მისი მანიფესტაცია 20-დან 30 წლამდე და 50-დან 60 წლამდე ასაკში. დაავადებული პაციენტების 90%-ზე მეტს ანამნეზში აღენიშნება ოჯახური ისტორია.
ფსორიაზის გამოვლენის ან უკვე არსებული დაავადების გამწვავების მიზეზი შესაძლებელია იყოს შემდეგი ფაქტორები: კანის ტრავმა ან ნაკაწრები, სხვადასხვა ტიპის ინფექციები, სტრესი და ზოგიერთი მედიკამენტი.
ფსორიაზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვულგარული ფსორიაზი, რომელიც ფსორიაზით დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება. ვულგარული ფსორიაზის დროს გამონაყარი ძირითადად ლოკალიზებულია ზედა და ქვედა კიდურებზე, თავის თმიან არეში, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში.
ფსორიაზის ერთ-ერთი ფორმაა ნაოჭების ფსორიაზი, რომელიც ვულგარულ ფსორიაზთან შედარებით ნაკლები აქერცვლით ხასიათდება და ლოკალიზდება სხეულის ნაოჭებში. მაღალმა ტემპერატურამ, ტრავმამ და ინფექციურმა პროცესმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს ნაოჭების ფსორიაზის განვითარებას.
ერითროდერმული ფსორიაზისთვის დამახასითებელია ფართოდ გავრცელებული, გენერალიზებული ერითემა და ხშირად თან ახლავს სისტემური სიმპტომატიკა. აღნიშნული ფორმა შესაძლებელია განვითარდეს თანდათანობით ხანგრძლივად მიმდინარე ფორიაზის ფონზე ან დაიწყოს უეცრად სუსტად გამოხატული ფსორიაზული სიმპტომატიკის ფონზე.
პუსტულოზური ფსორიაზის ლოკალური ფორმაა ხელისა და ფეხისგულების ფსორიაზი. მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ე.წ. ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზი, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით 2%-ს აღენიშნება წვეთისებური ფსორიაზი, რომელიც ძირითადად გვხვდება 30 წლამდე ასაკის პაციენტებში. კლინიკურად გამოხატულია 1-დან 10 მმ-მდე ზომის, მოვარდისფრო შეფერილობის პაპულები ზედაპირზე მსუბუქი აქერცვლით. წვეთისებური ფსორიაზი შესაძლებელია განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების А ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკული ინფექციიდან რამდენიმე კვირაში.
გარდა კანის საფარველისა, ფსორიაზმა შესაძლებელია დააზიანოს ფრჩხილები და სახსრები. ფრჩხილების დაზიანება (ონიქოდისტროფია) გამოხატულია ფსორიაზული ჩანაჭდევებით და გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა 80-90%-ში. მტევნის ფრჩხილების ონიქოდისტროფია უფრო ხშირია, ვიდრე ტერფის ფრჩხილების. ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება რთულად ექვემდებარება მკურნალობას.
ფსორიაზული ართრიტი არის სერონეგატიური ართრიტი, რომელსაც სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება აქვს. უმეტესად ვითარდება ფსორიაზის კანზე მანიფესტაციიდან დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ და გვხვდება ფსორიაზით დაავადებულთა 42%-მდე შემთხვევებში. ქალებსა და მამაკაცებში ართრიტის განვითარების სიხშირე თანაბარია. ფსორიაზული ართრიტის სიმძიმე არ არის დაკავშირებული კანის დაზიანების სიმძიმესთან.
ფსორიაზის დიაგნოზი ისმება ანამნეზისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, თუმცა იშვიათად საჭირო ხდება ბიოფსიის ჩატარება. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი გატარდეს: სებორეულ დერმატიტთან, დისჰიდროზულ ეგზემასთან, ჯიბერის ვარდისფერ პიტირიაზთან, წამლისმიერ გამონაყართან, თავის თმიანი არის მიკოზთან და ონიქომიკოზთან.