ბრტყელი ლიქენი იდიოპათიური, პაპულო-სქვამოზური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქავილი და მოვარდისფრო-მოიისფრო შეფერილობის პაპულები და ბალთები. გამონაყარი შესაძლებელია ლოკალიზებული იყოს სკალპზე, კიდურებზე, ლორწოვანზე და/ან იყოს გავრცელებული. ბრტყელი ლიქენის დროს ხშირია ფრჩხილების დაზიანება. უმეტეს შემთხვევებში ავადდებიან 30-60 წლის ასაკში; დაავადება იშვიათია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოხუცებში. ბრტყელი ლიქენით დაავადებული პაციენტების 10%-ზე მეტს აღენიშნება დაავადების ოჯახური ისტორია. კანზე გამოვლინების შემთხვევათა უმეტესობაში ჩართულია ლორწოვანიც. ბრტყელი ლიქენის ეტიოლოგია  უცნობია;  დაავადების პათოგენეზში განიხილოება თ-უჯრედოვანი აქტივაციით გამოწვეული აუტოიმუნური პროცესი. ბრტყელი ლიქენი შესაძლებელია იყოს ასოცირებული ღვიძლის პათოლოგიებთან და სხვადასხვა მედიკამენტებთან.

    ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი ბრტყელი ლიქენის ერთ-ერთი სახეობაა. ფოლიკულური ბრტყელი ლიქენის ფორმებია: კლასიკური ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი,  ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია და გრეჰემ-ლითლის სინდრომი. 

    კლასიკური ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი უფრო ხშირად გვხვდება 50 წლის ასაკში; დაავადება მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი დაავადების საწყის ეტაპზე როგორც წესი, აზიანებს თხემის მიდამოს.  პაციენტები უჩივიან ქავილის და მოჭიმვის შეგრძნებას და მომატებულ მგრძნობელობას. კლინიკურად კლასიკური ფოლიკულური ბრტყელი ლიქენი გავს დისკოიდურ წითელ მგლურას. თმაგაცვენილი კერები თავდაპირველად არ არის დიდი ზომის, თუმცა შემდგომ ერთიანდებიან და ქმნიან დიდ კერებს. ფოლიკულური ბრტყელი ლიქენის კერებში გამოხატულია ფოლიკულური ჰიპერკერატოზი და პერიფოლიკულური ერითემა. მოქაჩვითი ტესტის  (Pull ტესტი) შედეგად  ცვივა ანაგენის ფაზაში მყოფი თმის ღერები. შემთხვევათა 17-28%-ში შესაძლებელია პროცესი გავრცელდეს და გასცდეს თავის თმიან არეს.