დისექციური ცელულიტი, ცნობილია ასევე როგორც ჰოფმანის ფოლიკულიტი, ის კონგლობირებულ და ინვერსულ აკნესთან ერთად წარმოადგენს ფოლიკულის დახშობით მიმდინარე ტრიადის ნაწილს. უმეტესად უვითარდებათ მამაკაცებს 18-დან 40 წლამდე ასაკში. უფრო ხშირია აფრო-ამერიკულ რასაში, ვიდრე ევროპულ პოპულაციაში;

   ასევე შესაძლებელია შეგვხვდეს სხვა პოპულაციებშიც. ქალებში და ბავშვებში დაავადების განვითარება ძალიან იშვიათია. პათოგენეზში მნიშვნელოვანია ფოლიკულური ოკლუზია, სებორეა, ანდროგენების გავლენა, მეორადი ბაქტერიული ინფექცია და ბაქტერიული ანტიგენების მიმართ ანომალური პასუხი. დისექციური ფოლიკულიტი უმეტესად ლოკალიზდება გვირგვინის მიდამოში.

   დაავადებისათვის დამახასიათებელია ფოლიკულური პუსტულების და პაპულების შერწყმა პერიფოლიკულურ პუსტულებთან და მკვრივი კვანძების ჩამოყალიბება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვითარდება აბსცესები და ფისტულები. ასეთ დროს ელემენტებზე ზეწოლით გამოიყოფა სეროზულ-ჩირქოვანი ექსუდატი. ქრონიკული-მორეციდივე მიმდინარეობის შემთხვევაში ყალიბდება ნაწიბუროვანი ალოპეცია. დისექციური ფოლიკულიტი შესაძლებელია თანაარსებობდეს კონგლობირებულ აკნესთან, ჩირქოვან ჰიდრადენიტთან და ფოლიკულურ კისტებთან ერთად.

   მთლიანობაში ისინი წარმოადგენენ ფოლიკულური ოკლუზიის სინდრომს. არსებობს ცნობები, რომ ეს დაავადება ასოცირდება სპონდილოართროპათიასთან, სტერნოკლავიკულულ ჰიპეროსტოზთან, SAPHO-სინდრომთან (სინოვიტი, აკნე, პუსტულოზური აკროდერმატიტი, ჰიპეროსტოზი, ოსტეომიელიტი) მარგინალურ კერატიტთან, მეორად ბრტყელუჯრედოვან კიბოსთან, ოსტეომიელიტთან, რომელიც გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, მოვეგეტირე პიოდერმიასთან და დევერჟის დაავადებასთან. ჰისტოპათოლოგიურად ფოლიკულის ხვრელი გაფართოებულია, ხდება ფოლიკულში და მის გვერდით ჩირქგროვების ჩამოყალიბება. ფოლიკულის დარღვევას თან ახლავს სხვადასხვა სახის ინფლილტრაციის ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პლაზმურ უჯრედებს და უცხო სხეულის გრანულებს ფოლიკულის გარშემო კანსა და ზედაპირულ ცხიმოვან ქსოვილში. ჩირქგროვები დაფარულია ბრტყელი ეპითელიუმით, რომელიც მიჰყვება აბსცესის სადინარს.

   საბოლოოდ, ადგილი აქვს კანისა და კანქვეშა ქსოვილის ფიბროზს, რამაც შესაძლოა კელოიდების ჩამოყალიბება გამოიწვიოს.