დისკოიდური წითელი მგლურას ეტიოპათოგენეზი მეტწილად უცნობია. დაავადების გამოვლინებას განაპირობებს  გენეტიკური, გარემო და ინდივიდუალური ფაქტორების თანხვედრა. წინასწარგანწყობილ პაციენტებში ულტრაიისფერი სხივები ითვლება კერატინოციტების გაზრდილი აპოპტოზისა და აქტივირებული თ-უჯრედოვანი ან იმუნური კომპლექსების მიერ წარმოქმნილი პასუხის გამომწვევ წამყვან ფაქტორად, რის შედეგადაც ხდება დაავადების კლინიკური მანიფესტაცია. თუ რა მნიშვნელობა აქვს ულტრაიისფერ სხივებს თმიანი საფარით დაცულ თავის კანზე ბოლომდე არა არის შესწავლილი. ლიტერატურაში ვხვდებით  რამდენიმე მცირე კვლევის შედეგებს, რომლებიც  დამატებითი კლინიკური კვლევებით არ არის გამყარებული. ასეთია მაგალითად ერთ-ერთი მცირე  კვლევა, რომელმაც  აჩვენა, რომ პაციენტებს ანდროგენული ალოპეციით არ უვითარდებათ დისკოიდური წითელი მგლურა თმაგაცვენილ უბნებში. მეორე მცირე კვლევის თანახმად, სკალპის დისკოიდური წითელი მგლურას დროს მნიშვნელობა ენიჭება კებნერიზაციას, რაც გულისხმობს  ექსკორიაციების ადგილას დაავადების კერების გაჩენას.

წითელი მგლურას დროს შესაძლოა შევხვდეთ რამოდენიმე ტიპის თმის ცვენას. ალოპეციებს, რომლებსაც ახასიათებთ წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი ჰისტოლოგიური ნიშნები ეწოდებათ წითელი მგლურას სპეციფიური ალოპეციები და მოიცავენ დისკოიდურ წითელ მგლურას, დიფუზურ ან კეროვან თმის ცვენას მწვავე წითელი მგლურას დროს და კანის ქვემწვავე წითელ მგლურას. სისტემური წითელი მგლურას დროს თმის ცვენის პათოლოგია  არ არის ბოლომდე შესწავლილი და შეიძლება ჩაითვალოს ტელოგენური თმის ცვენის  ერთ-ერთ ფორმად. ბუდობრივი ალოპეცია შესაძლოა თან ახლდეს წითელ მგლურას და/ან  არსებობდეს იზოლირებულად და იმიტირებდეს  დისკოიდურ წითელ მგლურას. ტელოგენურ და ანაგენურ თმის ცვენებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული წითელ მგლურასთან,  შესაძლებელია ჰქონდეთ სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი, როგორიც არის სხვადასხვა დაავადების გართულება, მედიკამენტები და სტრესი. 2018 წელს EULAR-მა (ევროპის ლიგა რევმატიზმის წინააღმდეგ) და ACR-მა (ამერიკის რევმატოლოგთა კოლეჯი) სისტემური წითელი მგლურას ერთობლივ კლასიფიკაციაში  არანაწიბუროვანი ალოპეცია შეიტანა, როგორც სისტემური წითელი მგლურას ერთ-ერთი კრიტერიუმი. შესაბამისად, დაავადების სისტემური ხასიათის შესაფასებლად გადამწყვეტი როლი ენიჭება თმის ცვენის მიზეზის ამოცნობას წითელი მგლურათი დაავადებულებში.

სისტემური წითელი მგლურას დროს ტრიქოსკოპიულად აღინიშნება გაფართოებული პოლიმორფული სისხლძარღვები, რომლებიც ვლინდება როგორც ინტერფოლიკულურად, ასევე პერიფოლიკულურად (წითელი წერტილები). კერაში შესაძლებელია გამოხატული იყოს მოკლე ახალი თმის ღერები და კერატინული საცობები.